დაბეჭდვა

thonewine in a watermelon

კომპანია „ტურისტი ტური“ გთავაზობთ მოგზაურობასა და დასვენებას საქართველოს რეგიონებსა და მაღალმთიან სოფლებში, სადაც თქვენ დაგხვდებათ ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ულამაზესი ბუნება, მყინვარწვერები, ჩანჩქერები, მდინარეები, ტყეები, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, უძველესი ციხე-კოშკები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. სოფლის ტურიზმის მოყვარულებს ჩვენ ვთავაზობთ მოგზაურობასა და დასვენებას როგორც ბარის, ასევე, მაღალმთიან სოფლებში, სადაც თანამედროვე ცივილიზაციას ჯერ კიდევ არ შეუღწევია და მოსახლეობა ძველებურად ცხენებით და ურმებით გადაადგილდება. ტურის ფარგლებში საშუალება გეძლევათ იცხოვროთ სტუმართმოყვარე, სასიამოვნო ოჯახურ გარემოში, სადაც თქვენ შემოგთავაზებენ ადგილობრივი პროდუქტებით დამზადებულ ქართულ ტრადიციულ კერძებს , როგორიცაა: ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული, მწვადი, ჩურჩხელა და ამასთანავე, შეისწავლით ამ კერძების დამზადების ტექნოლოგიას. თქვენ გაეცნობით ადგილობრივი მოსახლის ყოველდღიურ ცხოვრებას, ნახავთ, როგორ მოჰყავთ ბოსტნეული, მწვანილები და როგორ ამზადებენ სანელებლებს, ასევე, გაიგებთ, როგორ უვლიან შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, როგორ იღებენ რძეს და როგორ ამზადებენ რძის პროდუქტებს. სურვილის შემთხვევაში, საშუალება გექნებათ თავადაც უშუალო მონაწილეობა მიიღოთ ყველის, ხაჭოს, მაწვნის და კარაქის დამზადების პროცესში. ტურის განმავლობაში ესტუმრებით მევენახის ოჯახს, გაეცნობით ვაზის მოვლის წესებს, ყურძნის დაწურვისა და ღვინის დამზადების ადგილობრივ ტექნოლოგიებს. ვნახავთ, როგორ იწურება ყურძენი „საწნახელში“ და როგორ ინახავენ ღვინოს ქვევრში, ასევე, უშუალო მონაწილეობას მიიღებთ ქართული არყის - ,,ჭაჭის’’ გამოხდის პროცესში. საშუალება გექნებათ ესტუმროთ მეფუტკრეთა ოჯახს, სადაც შეგიძლიათ საკუთარი ხელით ამოიღოთ თაფლი სკიდან. აქვე გაეცნობით თაფლისგან დამზადებულ სხვადასხვა სახეობის წამალს, რომლებიც უძველესი ხალხური ტრადიციული მეთოდით მზადდება. მაისსა და ივნისში ნახავთ როგორ იღებენ „ფუტკრის რძეს“ და ადგილზევე დააგემოვნებთ მას. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ თქვენივე ხელით დაიჭიროთ კალმახი და სხვა ადგილობრივი ჯიშის თევზი და უშუალო მონაწილეობა მიიღოთ კოცონზე მისი შეწვის პროცესში. ასევე, გაეცნობით ქსოვის უძველეს ტექნოლოგიებს, მატყლის ხელით დამუშავებასა და ბუნებრივი საღებავებით ღებვას, ტრადიციული მეთოდით ფარდაგების, ხალიჩებისა და გობელენის ქსოვას, რაშიც უშუალოდ მიიღებთ მონაწილეობას. გაიგებთ როგორ მზადდება თექა, ნაბადი, ქართული ტრადიციული სამოსი, ხმალი და სხვა საბრძოლო იარაღები. ტურის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ, თქვენი სურვილის შესაბამისად, ღამე გაათენოთ მთაში მეცხვარეებთან, სადაც თქვენ გაიგებთ როგორ იცავენ ქართული ნაგაზები ცხვრის ფარას მგელების თავდასხმისაგან. საღამოს კოცონთან მოისმენთ ბევრ საინტერესო ამბავს ქართველებისა და ქართული ტრადიციების შესახებ.